82
რა ნივთიერებით წამლავს სპეცრაზმი ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უკვე მეათე დღეა? – ექიმები განმარტებებს ითხოვენ და ამბობენ, რომ ის რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, მომიტინგეების სიცოცხლისთვის საშიშია. მათივე მონაყოლით, აქციების დასარბევად გამოყენებული ნივთიერებები საფრთხეს უქმნის რუსთველზე მცხოვრებ ადამიანებსაც, რომლებსაც მომწამვლელი საშუალებების ყოველდღიურად სუნთქვა უწევთ. თვალებისა და ყელის წვა, კანის სიწითლე, ხველა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება -ეს პირველი და მთავარი სიმპტომებია, რომლებზეც მომიტინგეები ყვებიან.
ექიმები, რომლებიც რუსთველის გამზირზე დარბეულ მომიტინგეებს ეხმარებიან, ამბობენ რომ წყლის ჭავლში არსებული ქიმიური ნივთიერების ხანგრძლივობა იმდენად დიდია, რომ წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის შემადგენლობასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები უჩნდებათ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან რომ ცრემლსადენ გაზში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებია გარეული.
აქციების დასარბევად გამოყენებული ნივთიერებების მავნებლობა ყველა მომიტინგემ საკუთარ თავზე გამოსცადა. მოქალაქეები ცრემლდენასთან ერთად, მხედველობის დაზიანებას, სპაზმს და ჰაერის უკმარისობას უჩივიან. ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “შაბათის მთავართან” ამბობს, რომ წყლის ჭავლის და სპრეის ერთმანეთში გარევა ახალ ქიმიურ ნივთიერებას ქმნის, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან საზიანოა.
როგორ მუშაობს ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი?
ამ ორ ნივთიერებას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ წიწაკის სპრეის მომიტინგეების წინააღმდეგ შედარებით ახლო მანძილზე ისვრიან, ცრემლსადენი გაზი კი უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება და მეტი ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს. ექიმების თქმით, საფრთხე მოსალოდნელია მაშინაც, თუ შესაბამისი სამსახურები ამ საშუალებას განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით გამოიყენებენ.
კონკრეტულად რომელ ნივთიერებებს იყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – საჯარო არ არის.
სამინისტრო მალავს აქციაზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახეობებსა და ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობას. უსაფრთხოების ზომების შესახებ რჩევებს მომიტინგეებს არც ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს. შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ ცრემლსადენ გაზში ისეთი ნივთიერებებია გარეული, რომლებიც მომიტინგეებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
ნივთიერების წარმომავლობასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაიდუმლოებული აქვს მისი შესყიდვაც. საიდუმლო გრიფის ქვეშ გომელაური მალავს რომელ ქვეყანაში ყიდულობს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს, ან რა თანხას ხარჯავს ამაში. სამინისტროს შესყიდვების საიტზე არც ერთი დოკუმენტი არ იძებნება.
“შაბათის მთავარს” წყარო უყვება რომ სპეციალურ ნივთიერებებს, რომელსაც სპეცრაზმი მოქალაქეების დასარბევად იყენებს, შსს-მ რუსეთიდან ჩამოიტანა.
ადვოკატი ნუგზარ სულაშვილი ” შაბათის მთავარს” უყვება რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სპეცსამსახურში მუშაობდა, ყვება რომ წყლის ჭავლში, კონკრეტული ჩინოვნიკების დავალებით ხშირად ამატებდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, რათა მათი ეფექტურობა გაეზარდათ. მისი მონაყოლით აქციებს ისეთი ნივთიერებებით არბევენ, რომელთა გამოყენება საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია.